უკნიდან დამარტყა, წავიქეცი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა - რას ყვება ნაცემი აქტივისტი
სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი აქტივისტი ამ დრომდე ბოკერიას კლინიკაში რჩება. დიმიტრი ბერიძეს ტვინის შერყევა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
სამოქალაქო აქტივისტი "პირველებთან" იმ უმძიმესს სცენას აღწერს, რაც გუშინ, გვიან ღამით დატრიალდა. დიმიტრი ბერიძე მოვლენათა ქრონოლოგიას იხსენებს და ამბობს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლის დროს, მას სამართალდამცავი თავს ზურგიდან დაესხა.
ბერიძის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა თავი კედელს მიარტყმევინა, ძირს წაქცეულს კი სამართალდამცველებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ვიდექით ძირითადად ახალგაზრდები. რაღაც მომენტში, ალბათ, ბრძანება გასცეს, რომ დაარბიეთო. პოლიცია რომ წამოვიდა ხალხი ეგრევე დაიშალა. ზოგი ერთ ქუჩაზე გავარდა, მეორე ნაწილი მეორე ქუჩაზე. დავრჩი, მაინტერესებდა რა ხდებოდა. ყველაზე ბოლოს გავედი მე. არ ვიცოდი, თუ პოლიციელი მომზევდედა და უცბად, შეუმჩნევლად დამარტყა უკნიდან. როდესაც ვიდეოს ვუყურე, მერე აღმოვაჩინე, რომ როცა დამარტყა კედელს მივარტყი თავი. ამან კიდევ უფრო ზიანი მომაყენა. რომ დავვარდი, მერე მახსოვს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ალბათ, ბრძანება მოუვიდათ, რომ დაარბიეთო. ვინც დამარტყა მგონია, რომ ახალგაზრდა ბიჭი, ჩემზე უმცროსი იყო, რომელიც ემოციებს იყო აყოლილი. ალბათ, პირველად გაიკეთა მასკა და რომ დაინახა, ხალხი გარბისო, ენერგეტიკა მოაწვა, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა", - ამბობს დიმიტრი ბერიძე.