"თელმიკოს" მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხის შემთხვევაში, გადასახადი დაკორექტირდება - სემეკი

09.07.21 19:25
"თელმიკოს" მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხის შემთხვევაში, გადასახადი დაკორექტირდება - სემეკი

კომპანია სემეკი აცხადებს, რომ შეისწავლის, დაარიცხა თუ არა თელმიკომ აბონენტებს ზედმეტი გადასახადი. სემეკში ამბობენ, რომ ზედმეტობის შემთხვევაში თანხა დაკორექტირდება. საკითხის შესწავლა სემეკმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიას   მოქალაქეებმა მიმართეს.

კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო)  მიერ  ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა. კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე", - ნათქვამია განცხადებაში.