ძალადობა ჟურნალისტებზე - მოსამართლემ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა
მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ კიდევ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.
პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები - ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.