უკანონო დაკავება და ძალის გადამეტება - დაკავებულები უმოწყალო ცემაში სპეცრაზმს ადანაშაულებენ

17.04.24 21:11
უკანონო დაკავება და ძალის გადამეტება - დაკავებულები უმოწყალო ცემაში სპეცრაზმს ადანაშაულებენ

დაიწყო თუ არა მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ მოკვლევა საგამოძიებო სამსახურმა? - მტკიცებულებები ზედაპირზე დევს და არსებობს უამრავი კადრი, სადაც ჩანს რა სისასტიკით უსწორდებიან სამართალდამცველები მშვიდობიან მომიტინგეებს. ყველა დაკავებულს ძალადობის კვალი სხეულზე ეტყობა. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ასევე სასტიკად არიან ნაცემი. 

დაკავებულებს შორის არის "ლელოს" გენერალური მდივანიც, რომელსაც სამაგალითოდ გაუსწორდნენ. ადვოკატები ყვებიან, რომ აქციის მონაწილეებს ჯერ სპეცრაზმი სცემდა სასტიკად და შემდეგ უკვე თითქმის უგონო მდგომარეობაში გადაყავდათ იზოლატორებში.  გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ სახეზეა ძალის გადამეტება, უკანონო დაკავება და არაპროპორციული ძალის გამოყენება. თუმცა არც ერთი მოძალადე პოლიციელის  მიმართ ამ დრომდე  სამართლებრივი მოკვლევა არ დაწყებულა.

განახლება: რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TVPIRVELI.GE-ს მიაწიდა ინფორმაცია, რომ  პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"სამსახური მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს - უთხრეს TVPIRVELI.GE-ს სპეციალურსაგამოძიებო სამსახურში.

 

მსგავსი სიახლეები