კავშირები პუტინის ქართველ მეგობართან - ვინ აფინანსებს მოძალადე ჯგუფებს საქართველოში

10.07.21 20:44
კავშირები პუტინის ქართველ მეგობართან - ვინ აფინანსებს მოძალადე ჯგუფებს საქართველოში

შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრი,პუტინის მეგობარი  ვალერი ხაბურძანია საქართველოში ძალადობრივ ჯგუფებთან მჭიდრო კავშირშია. ხაბურძანია 5 ივლისის მასობრივ არეულობამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის,გურამ ფალავანდიშვილის ქალიშვილი ვალერი ხაბურძანიას რძალია.გურამ ფალავანდიშვილი ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა  უარყოფს, რომ 5 ივლისის მოვლენები ხაბურძანიამ დააფინანსა.

არანაირი კავშირი არ აქვს მას ჩემ მოღვაწეობასთან, ვერც ვნახულობ ხშირად კაცი მოსკოვში მუშაობს”, - ამბობს ფალავანდიშვილი.

ვალერი ხაბურძანია შაბათის ეთერთან ადასტურებს, რომ  5 ივლისს საქართველოში იმყოფებოდა და მოსკოვიდან ჩამოსვლას მისი დაბადების დღით ხსნის. ხაბურძანია ამტკიცებს, რომ ის ძალადობრივი მოვლენების დროს, ოჯახთან ერთად ფოთში იმყოფებოდა. რაც შეეხება ძალადობრივი ჯგუფების  დაფინანსებას, ის ამბობს, რომ საშუალება არ აქვს, აქციები  დააფინანსოს.

ფალავანდიშვილი ტვ პირველის შაბათის ეთერთან თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მის აქციებს დაფინანსება არ სჭირდებოდა და 5 ივლისისთვის მხოლოდ წყალი და კარავი იყიდა.

წყალი მოვიტანე და კარავი ვიყიდე ვთქვათ 500 ლარი დავხარჯე, ამ აქციას რაში ჭირდებოდა ფული არ ვიცი", - ამბობს ფალავანდიშვილი.

მეორე ინტერვიუს დროს ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მას აქციების დასაფინანსებლად თვითონაც საკმარისი ფული აქვს და სოციალურ ქსელში ძალადობრივი ჯგუფის რეკლამირებაში 5 ათასი დოლარი დახარჯა.

5 ათასი დოლარი დავხარჯე "ბუსტებში" დაახლოებით, მაგრამ ეს ჩემი ჯიბიდან გავიღე.

ავიღოთ 10 ათასი დოლარი ჯამში პლაკატებიან ყველაფრიანად, ეს ის ფული არაა, რომელსაც ფონდი ჭირდება, პუტინი ან რაღაც, ეს ის თანხაა, რომელიც მე პირადად ჩემი ხელფასიდან, ჩემი შემოსავლიდან შეიძლება დავხარჯო", - ამბობს ფალავანდიშვილი.

ტვ პირველის  შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ფალავანდიშვილები თბილისში, ვაკეში მოსაშვილის 11 ნომერში "საქ-წყალ პროექტის"  7 სართულიანი შენობის მსხვილი წილის მფლობელები არიან. ფალავანდიშვილი კომერციულ ფართებს 1 კვადრატულ მეტრს 15 დოლარად აქირავებს.