48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, დამატებით 5 დღე - აქტივისტს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, დამატებით კიდევ ხუთი დღე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.
ასეთი რამ პრაქტიკაში ჯერ არასდროს მომხდარა - ახალგაზრდას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წესით, მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. ადვოკატები ვერ ხსნიან, რის გამო მიიღო მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მონაწილე კი მოსამართლემ 2 500 ლარით დააჯარიმა და სხდომათა დარბაზიდან გაუშვა. არადა ამ მომიტინგესაც მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ.
მოსამართლემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააჯარიმა 2 500 ლარით და საქმეში ძირითადად მოწმეები იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციელები. ჩვენ წარვადგინეთ ნეიტრალური მოწმე. 17 აპრილს დაკავებული პირების საქმეები, საუბარია 2 პირზე, შეიტანა გუშინ და გუშინვე ჩატარდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე და ერთ-ერთ მათგანზე გამოიტანა უკვე გადაწყვეტილება და დააჯარიმა 2 500 ლარით", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსნებთ, რომ მოქალაქეები კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. მომიტინგეები ამბობენ, რომ ისინი რუსულ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და სამართალდამცველებისთვის არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, აქედან გამომდინარე, ვერ ხვდებიან, თუ რა გახდა მათი დაკავების რეალური მიზეზი.
ცნობისთვის, სხვა დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესები 22-23 აპრილს განახლდება.