"სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ, იქამდე ვიდგებით" - სტუდენტები აქციისთვის ემზადებიან
თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები შეკრებებს ერთი მეორის მიყოლებით აანონსებენ.
პროტესტის ავანგარდში სტუდენტები რჩებიან. დღეს ზუსტად ოთხ საათზე ახალგაზრდები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და ხუთ საათზე დაანონსებულ ქალების მარშს შეუერთდებიან.
სტუდენტებს რჩებათ განცდა, რომ ხელისუფლებამ ყველა მოატყუა და რუსული კანონის უკან შემობრუნებით ყველას დასცინეს, ამიტომ ისინი ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ სანუკვარ მიზანს არ მიაღწევენ.
ისევ გამოვალთ და კიდევ ბევრი და ბევრი ადამიანი გამოვა. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და შეიკრიბა. სანამ ჩვენი მიზანი მიღწეული არ იქნება და რუსული კანონი უკან არ გაიწვევს ისევ, ჩვენ იქ ვიდგებით და დავაფიქსირებთ ამას. წინ არის ბევრი ბრძოლა, მეორე მოსმენა და იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენა საჭირო აღარ გახდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ამ მიზანს მივაღწევთ", - ამბობს ახალგაზრდა.