რუსული კანონი ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში გააპროტესტეს
რუსული კანონის მიღების მცდელობას განსაკუთრებით აპროტესტებენ იძულებით ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები. ანტირუსული მოწოდებებით და ხელისუფლების მცდელობის დასაგმობად, ემიგრანტები ნიუ-იორკში შეიკრიბნენ. ქვეყნიდან უიმედობასა და გაჭირვებას გაქცეულმა ქართველებმა თაიმ-სქვერზე საქართველოსა და ევროკვაშირის დროშები გაშალეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან რუსულ კანონზე. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ თქვეს მსოფლიოს გასაგონად, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას და დემოკრატიას, ხელისუფლების მოქმედებები კი ხალხის ნების საწინააღმდეგოა.
ემიგრანტები ამბობენ, რომ აქციებს იქამდე გამართავენ, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
სამ სხვადასხვა ენაზე გავეცანი, როგორც ამერიკულ კანონს ინგლისურ ენაზე, ისე რუსულ კანონს რუსულად, ხოლო ქართულ კანონს ქართულ ენაზე. გაცილებით მეტი კავშირია რუსულ და ქართულ კანონს შორის, ვიდრე ქართულ და ამერიკულ კანონებს შორის. და მეტიც, აქ მთავარი არის ქვეტექსტები, რაც ამ კანონის მიღმაა და ბერკეტებიც აქვს ხელისუფლებას და მმართველ ძალას, რომ ამ კანონის მიხედვით დაკანონებული უკანონობა აწარმოოს ქვეყანაში: შეზღუდოს თავისუფლება, გამოაცხადოს ინდივიდები აგენტებად, - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის დაბრუნება ქართველი ერის შეურაცხყოფაა.
როცა თავმოყვარეობაზე აბიჯებ ქართველ ხალხს და უკან გაწვეულ კანონს და დანაპირებს რომ არ ასრულებ, რომ აღარ გამოვიტანთ ამ კანონს მისაღებად და ერთი წლის თავზე ისევ გამოგაქვს, მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფები ჩვენ, ქართველ ერს არ გვიყვარს და ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, ჩენ აუცილებლად გავიტანთ ჩვენსას, - ამბობს კიდევ ერთი ემიგრანტი.