"კამერა რომ დაინახეს, უფრო აგრესიულები გახდნენ" - აქციაზე ნაცემი ჟურნალისტი გამოკითხვაზეა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტი კაციტაძის უწყებაში გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს. ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება "ტვ პირველის" მიერ გადაღებული ვიდეოკადრებია. სწორედ ამ მასალაში ჩანს როგორ მიიმწყვდიეს კედელთან სპეცრაზმელებმა ალექსანდრე ქეშელაშვილი, სცემეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
"პუბლიკას" ჟურნალისტი "პირველებთან" მომხდარს იხსენებს. ალექსანდრე ქეშელაშვილი ამბობს, რომ მოძალადე სპეცრაზმელების ამოცნობა გაუჭირდება, თუმცა მისი თქმით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, გამოძიება დამნაშავეების კვალზე გასვლას შეძლებს.
მქონდა ბეიჯი, მეკეთა კამერა და ვიყავი მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმუმ, შეიძლება ერთი-ორი მეტრის დაშორებით. ამის მიუხედავად, მომწვდნენ აგრესიულად, დამიწყეს ყვირილი, რომ დაინახეს კამერა, გახდნენ კიდევ უფრო აგრესიულები, ცდილობდნენ, რომ დაეფარათ ხელით და შემდეგ ერთ-ერთმა დამარტყა, ხოლო მეორემ საერთოდ წამართვა კამერა და გათიშა და ვეღარ მოვახერხე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება. სცემდნენ, აგინებდნენ... მე მინახავს სხვა ადმინისტრაციული წესით დაკავებებიც, მაგრამ ეს გამორჩეული იყო იმით, რომ ზოგადად, იყვნენ აგრესიულები, - ამბობს ჟურნალისტი.
მომხდარზე გამოძიება სამსახურეობრივი ულფებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატი ითხოვს, საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლითაც დაიწყოს.
16-17 აპრიილის აქციებზე ჯამში ოთხი ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.