"ხელისუფლებას ეშინია ლაღი და თავისუფალი ადამიანების" - სტუდენტების მზადება საპროტესტო მარშისთვის
სტუდენტების საპროტესტო მარში რამდენიმე წუთში დაიწყება - ახლა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იკრიბებიან.
ახალგაზრდები, დაახლოებით, 10 წუთში საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას გააკეთებენ და შემდეგ მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც მასშტაბურ აქციას შეუერთდებიან.
სტუდენტები "პირველებთან" ღიად აცხადებენ, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ლაღი და თავისუფალი ადამიანების ეშინიათ. ამიტომ ახალგაზრდების თქმით, ისინი დანებებას იქამდე არ აპირებენ, სანამ საკუთარ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევენ.
ხელისუფლებას ეშინია ლაღი და თავისუფალი ადამიანების, რადგან მათთვის უცხო არის თავისუფალი სიტყვა, აზრის დაფიქსირება. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ რაღაც ჩარჩოებში მოაქციონ ადამიანების პოზიციები. ამიტომ დააანონსა 29-ში პარალელური აქცია. ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ბიძინა ივანიშვილის ვაჩვენოთ გაბრაზებული ახალგაზრდების ძალა, რომლებიც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სხვანაირად არ გამოვა. საქართველოში რუსულ კანონს ვერ მიიღებენ და ამის გარანტი ვიქნებით ჩვენ.
სამოქმედო გეგმა იქნება ის, რომ ჩვენ ირაკლი კობახიძეს შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის არის სირცხვილი ამ უნივერსიტეტის კედლების, წარსულის, ისტორიის და დიახ, იმ იუნკერების შეურაცხყოფაა, რომლებიც შეეწირნენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას", - ამბობს სტუდენტი.