"დაგველაპარაკე სტუდენტებს, მონავ" - ახალგაზრდებმა კობახიძეს გზავნილი დაუტოვეს

22.04.24 19:05
"დაგველაპარაკე სტუდენტებს, მონავ" - ახალგაზრდებმა კობახიძეს გზავნილი დაუტოვეს

სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი ჩაუკეტეს - ახალგაზრდებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჯაბა სამუშიას შეხვედროდნენ და მოეთხოვათ პასუხები, თუ რატომ დუმს რექტორი, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა სტუდენტებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

 ამ წუთებში ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ირაკლი კობახიძის აუდიტორიაში გადაინაცვლეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს მკაფიო მესიჯს უგზავნიან. "არა რუსულ კანონს" - წერენ ახალგაზრდები დაფაზე.  

ეს არის უნივერსიტეტის სირცხვილი, რომ ჩვენ, სტუდენტებს გვიკეტავენ კარს. არ არსებობს კარი, რომელიც არ გაიღება სტუდენტების მხრიდან. ჩვენ ვართ კორპუსში, სადაც ორი დღის წინ იძალადეს ჩვენს მეგობარზე. კობახიძის დაცვის წევრებმა სამარცხვინოდ იძალადეს ჩვენს მეგობარზე, შესაბამისად, ჩვენ შემოვედით აქ და ახლა გადავინაცვლებთ ირაკლი კობახიძის აუდიტორიაში და იქაც მკაცრად გავაგებინებთ, რომ მათი ადგილი უნივერსიტეტში არ არის. დროულად დატოვოს სივრცე, რომელიც ატარებს დიდ ისტორიას და ნუ შეარცხვენენ იმ ისტორიას, რომლის მატარებელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", - ამბობს სტუდენტი.

სტუდენტების საპროტესტო მარში რამდენიმე წუთში დაიწყება - ახლა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იკრიბებიან. სტუდენტებმა საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა უკვე გააკეთეს და თქვეს, რომ ირაკლი კობახიძის ლექტორობის თანამდებობიდან დათხოვნის მიზნით, პეტიციას ქმნიან. 

მსგავსი სიახლეები