კაფე-ბარში დასაქმებულებმა უცხოელებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გამოსძალეს - დაკავებულია 2 პირი

24.04.24 12:52
კაფე-ბარში დასაქმებულებმა უცხოელებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გამოსძალეს - დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, რომლებიც ერთ-ერთ ბარში მუშაობდნენ, დაწესებულების სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.