"დაკავებებით ვერ შეგვაშინებენ" - ახალგაზრდების პასუხი გომელაურის უწყებას

24.04.24 16:24
"დაკავებებით ვერ შეგვაშინებენ" - ახალგაზრდების პასუხი გომელაურის უწყებას

ქუჩაში გამოსული ათასობით ახალგაზრდა გომელაურის უწყებას პასუხობს - სტუდენტები, რომლებიც მეცხრე დღეა რუსულ კანონს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ, ამტკიცებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების უკან შიში იკითხება.

"უნდათ, რომ შევშინდეთ და დაჭერები დაიწყონ" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებასა" და ძალოვან უწყებას ახალგაზრდების ეშინიათ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციებით ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნეს, ამიტომ მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მხოლოდ ერთს, ახალგაზრდების თავისუფალი ხმის ჩახშობას ემსახურება.

ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ შევშინდეთ, დავშინდეთ, დაჭერები დაიწყონ, რაც მნიშვნელოვანია მათთვის და ცდილობენ ამ ბერკეტის საშუალებით სამოქალაქო აქტივისტები დააშინონ, მაგრამ ჩვენთვის დამაბრკოლებელი არასდროს ყოფილა მათი მუქარა, არასდროს შეგვშინებია არც დაკავებების და არც ადმინისტრაციულის, შესაბამისად, ისევ გაგრძელდება პროტესტი, რა თქმა უნდა, ისევ კანონის ფარგლებში. განცხადება თავიდან ბოლომდე მიმართული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე შეწუხდნენ და ეს იყო თავიდანვე აქციის მიზანი, რომ სწორედ დისკომფორტი გამოგვეწვია ამ ადამიანებისთვის. სრულიად არალოგიკური არგუმენტები უწერიათ, რომ თითქოს, ხელს ვუშლიდით ორგანიზაციებს საქმიანობაში", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

შვილების თაობა რუსული კანონის მხარდამჭერ ადამიანებს "მონების მონებს" უწოდებს და ივანიშვილის გუნდს ფართომასშტაბიან აქციებს უანონსებს.

ხელოვნურად გადაკეტვა რა არის, არავინ არ იცის. ქუჩა ყოველ დღე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იკეტებოდა, რადგან ვიყავით ძალიან ბევრი. დღეს გამოვალთ უფრო მეტი და ვაჩვენებთ ყველას, რომ არ ვაპირებთ ვიღაცის მუქარაზე და ვიღაცების გაფრთხილებებზე დამორჩილებას. ასევე, შსს დაგვემუქრა, რომ ისინი მოახდენენ იდენტიფიცირებას იმ ადამიანების, რომლებიც ხალხს მოუწოდებს, რომ ქუჩა გადაკეტონ. ვინც ამ კანონს ეთანხმება და ვისაც უნდა საქართველოს რუსეთში დაბრუნება, არის არა მონა, არამედ მონის მონა", - ამბობს სტუდენტი.

რეპრესიები და დაკავებების სერია დაანონსებულია - გომელაურის უწყება რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს აშანტაჟებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, ფაქტობრივად, აქციების გამართვას უკრძალავს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ აქციაზე ცოტა ხალხი დგას, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ გზას გადაკეტავენ, ყველს დააკავებენ.

"იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც შეკრებილებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.