სკოლის მოსწავლეს ასამართლებენ - ბიჭს საქართველოს დროშით სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობას ედავებიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლის მოსწავლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობას ედავება - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს საბრალდებო სკამზე ბიჭი ზის, რომლის ფოტოც საქართველოს დროშით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის სიმბოლოდ იქცა.
სანდრო ჯოხაძეს, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა, დროშა წაართვა და გაუთელა, ედავებიან, რომ თითქოს, მე-12 კლასელი სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას უწევდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და კორდონის გარღვევას ცდილობდა.
სკოლის მოსწავლის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოზარდის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. მეტიც, როგორც სანდრო ჯოხაძის ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე დისკის სახით წარადგინა ჩანაწერი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ, ტელევიზიიდან ამოღებული კადრებია ასახული.
მათივე თქმით, წარდგენილ მტკიცებულებაში კონკრეტულად აქციაზე მიმდინარე ვითარება ჩანს, სადაც სანდრო ჯოხაძე მეგობრებთან და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩას იმ დროს ტოვებს, როდესაც სპეცრაზმი დარბევის ოპერაციას იწყებს.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს ჩასჭიდა ხელი სამართალდამცავმა ახალგაზრდას ზურგჩანთაში, რის შემდეგაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელბორკილები დაადეს.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ამ წუთებში, სასამართლო სხდომაზე სამართალდამცველები იკითხებიან, რომლებიც იურისტებმა შუამდგომლობის სახით წარადგინეს.
პოლიციელების გარდა ჩვენებას აქტივისტებიც მისცემენ, რომლებიც მოვლენას უშუალოდ შეესწრნენ და საკუთარი თვალით ხედავდნენ პროცესების განვითარებას.
როდესაც მოვლენები დაიწყო და სპეცრაზმელებმა დარბევა დაიწყეს, სანდროს გვერდით ვიდექი და შევესწარი იმას, რომ სანდროს მიმართულებით არაერთმა სპეცრაზმელმა გაიწია, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უკვე სანდროს ძმასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. სანდროს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. კადრებში ჩანს, რომ სანდროს უკნიდან ხელს კრავენ, თუმცა სანდრო უბრალოდ მოტრიალდება და უღიმის. არანაირი სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა სპეცრაზმელების მიმართ", - ამბობს ერთ-ერთი მოწმე.