"ქოცებს თავისუფალი და უშიშარი ადამიანების ეშინიათ" - მოქალაქეების პასუხი "ოცნებას"
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები "ქართულ ოცნებას" პასუხობენ - მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების უკან ხელისუფლების შიში ამოიკითხეს.
"ქოცებს ეშინიათ თავისუფალი და უშიშარი ადამიანების" - ამბობს გია ბუღაძე და მხატვარი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მთავრობა ახალგაზრდების თავისუფალ ხმას ვერ ჩაახშობს.
მისი თქმით, ევროპული ღირებულებების მქონე შვილების თაობის დაშინება "წარმოუდგენელია".
ქოცებს ეშინიათ თავისუფალი და უშიშარი ადამიანების, რადგან რეალურად, სახელმწიფო ყალიბდება სწორედ თავისუფალი და უშიშარი ადამიანების მიერ. ახალგაზრდები ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს არ უნდათ ქოცებს, ბუნებრივია. ამიტომ უნდა დაემუქრონ, სხვა გზა არ არის. ფაქტობრივად, თუ არ შეაშინეს ამათმა ახალგაზრდები, თავის მიზანს ვერ მიაღწევენ, მაგრამ არ გამოუვათ. ახალგაზრდების შეშინება ასეთი იოლი არ არის, წარმოუდგენელიც კი არის. მითუმეტეს, ამ ადამიანებმა ნახეს, რა არის ევროპული, დასავლური ცხოვრება", - ამბობს გია ბუღაძე.
მიუხედავად გომელაურის უწყების გაფრთხილებისა, შვილების თაობა გაჩერებასა და დანებებას არ აპირებს. მეტიც, ახალგაზრდები "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნებიან, რომ გამარჯვებამდე იბრძოლებენ და ხელისუფლებას ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უანონსებენ.
ვერავის ვერ შეაშინებენ თავიანთი მუქარით, რადგან ეს ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვერაფერი ვერ აღუდგება წინ, მითუმეტეს "ქართული ოცნება" და მის მიერ განხორციელებული ძალადობა, დაშინება თუ ა.შ.," - ამბობს გელა ხასაია.