დაკავებულია 4 პირი, რომლებიც ევროპის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ

25.04.24 12:45
დაკავებულია 4 პირი, რომლებიც ევროპის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

საგამოძიებო მოქმედებები ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის, საფრნაგეთის, ლიეტუვისა და შვეიცარიის კომპეტენტური უწყებების ჩართულობით განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს, რომლითაც დადგინდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმენს.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცნობილი ხდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების განზრახვა ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებული წიგნების დაუფლება იყო.

ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბ პირადობოს დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს, ასევე, ორიგინალი წიგნების ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებული წიგნების ყალბ ნიმუშებს იყენებდნენ.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.