აჭის წმ. გიორგის ეკლესიის კედლის მხატვრობის მდგომარეობა საყურადღებოა - ბარათაშვილი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში კედლებიდან ბათქაშის ფენის მოცილება, სახურავიდან წყლის ინფილტრაციისა და ზემოქმედების კვალი შეინიშნება.
ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭიროა, ვითარების შესაფასებლად კვლევები ჩატარდეს.
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ფერწერით გამორჩეული ძეგლის მდგომარეობა საყურადღებოა. სოფელი აჭი, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლის, ლიხაურის თემში, ოზურგეთიდან 9 კმ-ში, აჭის წყლის ხეობაში მდებარეობს.
დარბაზული ტიპის ბაზილიკის შესახებ მცირე მონაცემებია დაცული, სავარაუდოდ, მშენებლობა VIII საუკუნის, კედლის მხატვრობა XIII საუკუნისაა. ფერწერის ძირითადი ნაწილი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
თვალშისაცემია კედლიდან ბათქაშის ფენის მოცილება არაერთ ადგილზე - მასშტაბურ პერიმეტრზე, რაც მისი მყისიერი დაზიანების რისკებს აჩენს.
შეინიშნება სახურავიდან წყლის ინფილტრაციის და ზემოქმედების კვალი, რაც დიდი ალბათობით მიმდინარე პრობლემაც უნდა იყოს.
კამარაზე აშკარაა ტენიანობის გავლენა, რაც კედლებზე ობის სახით არის გამოხატული.
ადგილზე გვიყვებიან, რომ 2018 წელს ჩატარდა ეკლესიის სუბსტრუქციის გამაგრების სამუშაოები, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, ფერწერის კონსერვაციის საკითხი არ გადაწყვეტილა.აჭის წმ. გიორგის ეკლესია უნიკალური ძეგლია და მისი კედლის მხატვრობა კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უყურადღებობის გამო მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არის.
საჭიროებს სასწრაფო კვლევით სამუშაოებს ვითარების შესაფასებლად და გადაუდებელი ჩარევებისთვის", - წერს ბარათაშვილი