დავიცავთ იმ საჯარო მოხელეების უფლებებს, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკური იძულების მსხვერპლი გახდნენ - SJC

25.04.24 14:01
დავიცავთ იმ საჯარო მოხელეების უფლებებს, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკური იძულების მსხვერპლი გახდნენ - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" 29 აპრილს, "ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იქნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას დემონსტრანტების მობილიზების კონკრეტული გეგმა აქვს და პროცესი პროცესი ნებაყოფლობითი არ არის.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის გუნდის დავალებით, აიპებსა თუ სიპებში დასაქმებულებს სამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებას ავალდებულებენ.

შუალოდ საჯარო მოხელეების პარტიული მიზნებით გამოყენების გარდა, დამატებით, ჩნდება შეკითხვები ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებითაც, რადგან არსებობს რისკი, რომ საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად განკუთვნილი ადმინისტრაციული რესურსი სამთავრობო დემონსტრაციის ხარჯების დასაფარად, პარტიული მიზნებით იქნება გამოყენებული." - აცხადებს SJC. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც შესაძლოა, მომდევნო დღეებში ხელმძღვანელობის მხრიდან დავალებას, ზეწოლას და შევიწროებას დაექვემდებარონ, აქვთ უფლება, უარი თქვან მონაწილეობაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ადამიანებს უარის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ან გარკვეულ შევიწროებაში მოყვებიან, SJC მზად არის მათი უფლებები დაიცვას.

საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა. საჯარო მოხელე თავისი საქმიანობისას საჯარო ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს.  კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად,  საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ მოხელეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 შესაბამისად, დავალება, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას აიძულებს, უკანონოა და ამდენად, მოხელეს სრული უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე." - ნათქვამია განცხადებაში.