სებ-ი "ოფშორების კანონის" გამო "ფულის გათეთრების" რისკის ზრდას სპეკულაციებს უწოდებს
საქართველოს ეროვნული ბანკი დაჩქარებული წესით საგადასახადო კოდექში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება - უწყება სპეკულაციებს უწოდებს იმ აზრს, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება.
სებ-ის ცნობით, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.
ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.