ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკების ძარცვა - ბრალდებულები მოსამართლემ ციხეში გაუშვა
ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკების ძარცვა - ბრალდებულები მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ციხეში გაუშვა.
ოთხიდან არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სხდომაზე დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან მოპარულ უნიკალურ წიგნებს საქართველოში მიაკვლიეს. მასშტაბური სპეცოპერაცია ქართველმა სამართალდამცველებმა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფთან ერთად ჩაატარეს.
დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი. მათი სახლების ჩრეკისას კი ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული კლასიკოსების გამოცემები, მათ შორის პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული ისტორიული გამოცემა.
ირკვევა, რომ მძარცველები კარგად აპრობირებული სქემით მოქმედებდნენ. ბიბლიოთეკებიდან გამოქონდათ ისტორიული ლიტერატურა და მას მაღალი ხარისხის ასლებით ცვლიდნენ. ბიბლიოთეკებში იყენებდნენ ყალბ საბუთებს, რათა პოლიცია მათ კვალზე არ გასულიყო. კულტურული მემკვდრეობის ნიმუშების დაკარგვის შესახებ განგაში ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ გამოცხადა. მოპარული წიგნების ღირებულება კი ასობით ათას ევროს უტოლდება.
ეს არის პარიზის, ლიონის, ვარშავის და მიუნხენის ბიბლიოთეკებში ჩადენილი ქურდობა. ეს წიგნები წარმოადგენდა კულტურულ ფასეულობას, რამეთუ გამოცემული იყო კონკრეტული ავტორის სიცოცხლეში. კონკრეტული პირები ევროპის ამსშტაბის ბიბლიოთეკებში რეგისტრირდებოდნენ, როგორც მკითხველები, შემდეგ კონკრეტულ წიგნებს ჯავშნიდნენ და მკითხველთა დარბაზში გამოჰქონდათ, ხოლო შემდეგ, როცა უნდა დაებრუნებინათ, აბრუნებდნენ ყალბს, ხოლო ორიგინალებს ეულფებოდნენ ფარულად", - ამბობს პროკურორი.