რუსული კანონის მოწინააღმდეგეები 29 აპრილს, სავარაუდოდ, აქცია-კონცერტს გამართავენ
პირველების ინფორმაცით, 29 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმეგეები აქცია-კონცერტს გამართავენ. ის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტია, "ქართულ ოცნებას" ხმაურით აწუხებენ, ერთი დღით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გაათავისუფლებენ. მათი განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო დაპირისპირება აიცილონ თავიდან.
თუმცა, პროტესტი მაინც იქნება. "პირველების" ინფორმაციით, კონცერტი, სავარაუდოდ, ვაკის პარკში გაიმართება, თუმცა ზუსტი ლოკაცია 5 საათისთვის დასახელდება.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ევროკავშირის საწინააღმდეგო აქცია ხელისუფლებამ პროვოკაციისთვის ჩანიშნა, რაზეც ისინი არ წამოეგებიან და 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე არ გავლენ.
ჩვენ კონცერტი დავაანონსეთ, არა საპროტესტო აქცია და ა. შ. ჩვენ არ ვაპირებთ რამის პროვოცირებას, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ იმის საშუალებას, ისაუბრონ, რომ თურმე პროვოკატორები ვართ და პროცესის რადიკალიზაცია გვინდა. ასე რომ, სავარაუდოდ, ჩვენ დავაანონსებთ კონცერტს, სადაც რამდენიმე ჩვენი მეგობარი ბენდი და ასევე საკმაოდ ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი მომღერლები იმღერებენ, ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რუსულ კანონს, ამიტომ შევარჩიეთ ლოკაცია მოშორებით, ვინაიდან არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და „ქართულმა ოცნებამ“ ეს თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.
"ქართული ოცნების" მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს კიდევ ერთი აქტივისტი.
ჩვენი პირველი და ბოლო მთავრობაა, ვინც საკუთარ ხალხს უწყობს აქციას, როცა თითონ ეგ პარტია იმყოფება ხელისუფლებაში და მთავრობაში. როცა ამას ცოტა გვერდიდან უყურებ, და არა მხოლოდ გვერდიდან, ეს სასაცილოდ ჩანს და რაღაცნაირად სინანულის გრძნობა გიჩნდება, როცა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, არათუ შენს გაშავებას და ბინძური პროპაგანდით დაპირისპირებას, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით გიწყობს პროვოკაციას. არავის არ ჰქონდა იდეა, რომ გავიდეთ და დაპირისპირებაში შევიდეთ იმ ადამიანებთან., იმიტომ, რომ ყველა იაზრებს, რამდენად მნიშნელოვან ბრძოლაში ვიმყოფებით. ყველა ჩვენ ვიქნებით განსხვავებულ ლოკაციაზე. ჩვენ ჩვენი დადებითი ემოციებით აუცილებლად დავამარცხებთ იმ გველეშაპს, რომელიც ასე კვებავს ნეგატიური ემოციებით ხალხს, - ამბობს აქტივისტი.
29 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების გვერდზე იდგება ლაზარე გრიგორიადისიც.
აუცილებელია, ჩემი აზრით, აქციებზე ყოფნა, იმიტომ, რომ ვინც აქციებზე დგას, იბრძვის ევროპული კავშირის წევრობისთვის და აუცილებლად გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, აქციები და იქნება უწყვეტი და გრძელვადიანი. რადგან მოკლევადიანში მოვიგეთ და თავიდან დააინიცირეს კანონი, ახლა გრძელვადიანში ვაპირებთ გამარჯვებას, - ამბობს ლაზარე.
28 აპრილს საპროტესტო აქციას აანონსებს არასამთავრობო სექტორიც. პროტესტის ეპიცენტრი 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანი იქნება. აღნიშნულ პროტესტს 6 პოლიტიკური პარტია შეუერთდება.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში რუსული რეპრესიული რეჟიმი დამყარდება, რაც დაუშვებელია.
ხელისუფლების ამ ნაბიჯების შემდგომ აღარ არის არაფერი გარდა რუსეთისა. ამის შემდეგ არის გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რუსული რეპრესიული რეჟიმის დამყარება, რომელიც შეეხება არა მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებს, არამედ შეეხება თითოეული ადამიანის ყოფას და მათ არსებობას, იმიტომ, რომ ასეთი რეპრესიული რეჟიმის არსებობა გულისხმობს ისეთი საფრთხის შემცველი გარემოს შექმნას ქვეყანაში, რომ როდესაც დასჭირდება ხელისუფლებას, თითოეული მათგანი გახდება სამიზნე და ეს იქნება ძალიან მძიმე რეპრესიების ადგილი - საქართველო. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, რუსული კანონის მიღებით, აშკარად ცვლის ქვეყნის დასავლურ ვექტორს და მას აბრუნებს რუსეთისკენ. ამას აღარ უარყოფენ, ამას, ფაქტობრივად, პირდაპირ ადასტურებენ," - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.