ლექტორის მკვლელობა წამებით - სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26.04.24 17:59
ლექტორის მკვლელობა წამებით - სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის მკვლელობა წამებით  - რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

„მას შემდეგ, რაც დაზარალებულს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.

პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია საზარელ ფაქტზე, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და მომაკვდავი ტყეში მიატოვეს. ერთთვიანი კომის შემდეგ, ოთარ გელაშვილი საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.

67 წლის პროფესორის  ცემის ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამ სასტიკი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე კი ქვეყნიდან გაიქცა.

ოთარ გელაშვილი 12 აგვისტოს გაუჩინარდა, ოჯახის წევრები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და მას რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნეს, სადაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.