"აჭარის განათლების სამინისტრო 29-ში აქციაზე წასვლას აფინანსებს"- განცხადება ბათუმის სამუსიკო სკოლაში

26.04.24 22:46
"აჭარის განათლების სამინისტრო 29-ში აქციაზე წასვლას აფინანსებს"- განცხადება ბათუმის სამუსიკო სკოლაში

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 29 აპრილს თბილისში დაორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე წამსვლელთა ტრანპორტირებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში განცხადება 26 აპრილს, დირექციის მიერ იყო გამოკრული.

"ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა „ოცნების“ ოფისში მიდით და იქიდან წაგიყვანენ," - თქვეს სამუსიკო სასწავლებელში.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ მსგავსი დავალება არ გაუციათ. 

მსგავსი დავალება, რომ სკოლაში, კონსერვატორიაში განთავსდეს, არ გამიცია არც მე და არც სამინისტროს სახელით არავის . თუმცა, რატომ გაჩნდა ეს წარწერა მე ამას აუცილებლად გავარკვევ" - უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად იყო გამოკრული, თუმცა თქვა, რომ უკვე გამოცვალა.