28 აპრილს შეკრებით პასუხს გავცემთ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას - სტუდენტები
"ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონტრაქცია სასაცილოა" - ასე აფასებენ სტუდენტები ივანიშვილის გუნდის მიერ 29 აპრილს დაორგანიზებულ აქციას.
რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში კარგად გამოჩნდება, თუ ვინ დგას ისტორიის სწორ მხარეს და ვინ არის თანახმა, რომ საქართველოს ერთადერთი მოკავშირე რუსეთი დარჩეს.
შვილების თაობა "პირველებთან" ღიად აცხადებს, რომ კონტრაქცია ხელისუფლების სიმხდალეზე მიანიშნებს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" უკიდურესად შეშინებულია იმ ერთიანობით, რომელიც საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში აჩვენა.
ძალიან მნიშვნელოვანია 28 აპრილს ჩვენი შეკრება და მარში, რადგან ამით, ფაქტობრივად, პასუხს გავცემთ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც ძალიან სასაცილოა ყველასთვის. არ მივესალმებით ამ კანონს და არ მივესალმებით ყველაფერ იმას, რაც რუსულია", - ამბობს სტუდენტი.
28 აპრილი, საღამოს შვიდი საათი - რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციისთვის მზადება დაწყებულია. სტუდენტები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან.
ხვალ ხელისუფლების ინიციატივას ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები გააპროტესტებენ.
სამოქალაქო საზოგადოება 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს. მოთხოვნა კვლავ უცვლელია - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას".