"სცენას ვაწყობთ "ოცნების" ღონისძიებისთვის" - მზადება 48 საათით ადრე "რუსული მარშისთვის"
"ქართული ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება - პარლამენტთან განსაკუთრებული სამზადისია დაწყებული. თავდაპირველად, საკანონმდებლო ორგანო რკინის კონსტრუქციებით შემოღობეს, შემდეგ კი დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ წუთებში სცენას ამონტაჟებენ.
"პირველების" კითხვას, თუ რატომ დაიწყეს 48 საათით ადრე პერიმეტრის გადაკეტვა და რატომ გააქრეს კედლებიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიერ კედლებზე სიმბოლური წარწერები, ადგილზე მყოფი მუშები არ პასუხობენ.
მეტიც, რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე, რომელიც სავარაუდოდ, "ოცნების" ღონისძიებას კურირებს, "ტვ პირველის" კორესპონდენტს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდა და ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს თავს არიდებდა.
თქვენ არ უნდა იყოთ აქ და დატოვეთ ტერიტორია თუ შეიძლება. ზონა დაკეტილია და ვმუშაობთ. სცენას ვაწყობთ "ქართული ოცნების" ღონისძიებისთვის. უნდა მობრძანდეთ, იკითხოთ ჯერ კომენტარს მოგცემთ თუ არა. უნდა იცოდეთ, ვის ესაუბრებით და ისე უნდა დაიწყოთ საუბარი. ნუ მესაუბრებით, ვმუშაობ და არ გაძლევთ კომენტარს", - ამბობს ბაკურ ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. სამოქალაქო საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
ცნობისთვის, 29 აპრილს "ოცნების" კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლება მოქალაქეებს რეგიონებიდან ჩამოიყვანს და სამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ღონისძიებაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წარდგებიან.