დაუსჯელობის გარანტია? - რატომ მოხსნეს სპეცრაზმელებს სპეცნომრები (ექსკლუზიური დეტალები)

27.04.24 20:44
დაუსჯელობის გარანტია? - რატომ მოხსნეს სპეცრაზმელებს სპეცნომრები (ექსკლუზიური დეტალები)

განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის შეფი და მისი უკანონო დავლებების შემსრულებელი სპეცრაზმელები საგამოძიებო უწყებას  გამოკითხვაზე ჯერ კიდევ არ დაუბარებია.

"შაბათის ეთერმა" პირველი ინტერვიუ ჩაწერა აპრილის დარბევის საქმის გამომძიებელთან, რომელმაც ზვიად ხარაზიშვილის იგივე „ხარებას“ წინააღმდეგ ნაცემი აქტივისტების  ჩვენებები პირადად მოისმინა, მათი დაზიანებებიც ნახა, თუმცა სპეცრაზმის შეფს, გამოკითხვაზე  არ იბარებს. ამტკიცებს, რომ "ჯერ მტკიცებულებებს ეძებს".  არადა ,“ხარებას“, მისი  მოადგილეების  და სპეცრაზმელების წინააღმდეგ „შაბათის  ეთერის" ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურს არა ერთი ჩვენება აქვს, დაკითხვის დროს, დაზარალებულების დიდმა ნაწილმა, ხელი პირადად სპეცრაზმის უფროსს და მის მოადგილეებს დადო, თქვეს რომ მათ ფიზიკურად "ხარებას" ბრძანებით გაუსწორდნენ. 

სათანადო გამოძიების შემთხვევაში, მამხილებელი ჩვენების გამყარება საგამოძიებო სამსახურს კადრებით და აუდიო ჩანაწერებით შეუძლია - ტელეოპერატორების გადაღებული ვიდეომასალის გარდა, ყველაზე დიდი ინფორმაციის მატარებელია, პარლამენტის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ამ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კამერებს შეუძლია არა მხოლოდ მაღალი გარჩევადობის ვიდეოკადრების გადაღება, არამედ ხმის ჩაწერა და ზოგიერთ შემთხვევაში პირის იდენტიფიცირებაც. 

საქმის გამომძიებელი "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ კაციტაძის უწყებამ, ვიდეოჩანაწერების ამოღების მოთხოვნით ყველა სამთავრობო უწყებს მიმართა. "შაბათის ეთერმა" კი გაარკვია, რომ იმ კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნა,  სადაც პოლიციების და სპეცრაზმელების სავარაუდო დანაშაული უნდა ჩანდეს, პარლამენტში არ შესულა.

სამთავრობო კვარტალში, აქტივისტების დაკავება და მათი დევნა სამი სამთავრობო შენობის მიმდებარედ ხდებოდა, ესენია პარლამენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სუს-ის მეორე კორპუსი.  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში "შაბათის ეთერს"  არ უთხრეს, ამოიღოს თუ არა გამოძიებამ კამერების ჩანაწერები. 

არის კიდევ ერთი დეტალი, აპრილში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყვანილ სპეცრაზმელებს სპეცნომრები ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ, მაშინ როცა წინა წლებში თითოეულ მათგანს სპეც ნომერი ჰქონდა.  განსაკუთრებულ დავალება დეპარტამენტის თანამშრომლები "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ სპეცნომრების შესახებ ინფორმაცია საიდუმლო იყო, ანუ მხოლოდ ხელმძღვანელმა პირებმა იცოდნენ, რომელი ნომრით რომელი სპეცრაზმელი ჰყავდათ გაგზავნილი სპეცოპერაციაზე, იდენტიფიცირება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ გამოძიებას სჭირდებოდა. 

"შაბათის ეთერმა" დეტალების გარკვევა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფის მოადგილის მირზა კვეზაძესთან სცადა. ეს უკანასკნელი სპეცრაზმის შემადგენლობაში წინა ხელისუფლების დროიდან ირიცხება, თუმცა მისი დაწინაურება ხარებას ზვიად ხარაზიშვილს სახელს  უკავშირდება. ერთ- ერთი ვერსიით, კეზევაძეც აპრილის დარბევის დროს რუსთაველზე იმყოფებოდა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დევნის ოპერაციაშიც პირადად მონაწილეობდა.

შაბათს ეთერმა დაადგინა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ ხელმძღვანელი პირების ვინაობა, რომლებიც სავარაუდოდ სრული კანონის წინააღმდეგ გამოსული მომიტინგეების დარბევაზე იყო პასუხისმგებელი. ერთ-ერთი ჩვენი ინფორმაციით, "ხარებას“  კიდევ ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაურია.

  • ლაგაზაური ოფიციალურად ახმეტის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული და ერთ- ერთი ვერსიით წლების განმავლობაში ამ რეგიონში „ქართული ოცნებას ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში  ეხმარებოდა. სავარაუდოდ  ერთგულება დაუფასეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. საჯარო ინფორმაციით თანახმად ლაგაზაური, ფლობს უძრავი ქონების ბიზნესსაც, თბილში. 

უძრავი ქონების გაქირავების  ბიზნესშია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი ისოებ არავიაშვილიც. ისიც ერთ -ერთი ვერსიით, სპეცრაზმის მოქმედებებს ჭიჭინაძის ქუჩაზე აკონტროლებდა. 

„ხარება" და მისი სამეგობრო, ვინც სპეცრაზმს აკონტროლებს, მონაწილეობდნენ გასულ წელს მარტის აქციების დარბევაშიც - მათ წინააღმდეგ ჩვენები  ნაცემმა აქტივისტებმა გამოძიებას მისცეს, თუმცა ამ დანაშაულისთვის არავინ დაუკავებია და არც ბრალდება წარუდგენიათ.

ხარებას საძმო - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი