ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და გაგვყიდეს - მეუფე იაკობი ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე

28.04.24 16:44
ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და გაგვყიდეს - მეუფე იაკობი ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე

ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და გაგვყიდეს, - ასე აფასებს მეუფე იაკობი ევროპარალმენტარების მიერ მიღებულ მძიმე რეზოლუციას. საკვირაო ქადაგებისას სასულიერო პირი ამტკიცებდა, რომ ევროდეპუტატების მიზანს საქართველოში რევოლუციის მოწყობა წარმოადგენს, თუმცა ამას არავინ დაუშვებს. 

„მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინებთ. გამოდიან და იძახიან - „არა რუსულ კანონს“, ვის უნდა „რუსული კანონი“? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს. ისევე როგორც 22-ში და მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ.

ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცეს. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას. 

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.