გაუფრთხილებლად გამოიყენეს წიწაკის სპრეი მონაწილეთა დასაშლელად - HRC-ის მონიტორინგი 15-17 აპრილის აქციებზე

29.04.24 16:57
გაუფრთხილებლად გამოიყენეს წიწაკის სპრეი მონაწილეთა დასაშლელად - HRC-ის მონიტორინგი 15-17 აპრილის აქციებზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი 15-17 აპრილის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს - მონიტორინგის ჯგუფი სხვადასხვა ადგილიდან აკვირდებოდა რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს, რომლის დროსაც რამდენიმე დარღვევა გამოიკვეთა.

HRC წერს, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლის მიზნით, გაფრთხილების გარეშე, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რაც კანონდარღვევაა.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აქცია სამივე დღის განმავლობაში  სრულად მშვიდობიანად მიმდინარეობდა და არ არსებობდა შეკრების დაშლის საფუძველი, შსს-ს თანამშრომლებმა 16 აპრილის 22:00 და 17 აპრილს 00:40 საათისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოიყენეს წიწაკის სპრეი მონაწილეთა დასაშლელად.  ამ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ არ უძღვოდა გაფრთხილება, რაც ეწინააღმდეგება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას.

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლებმა 16-17 აპრილს დაკავებული პირების მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. უმეტეს შემთხვევაში, უცნობი იყო დაკავებულთა ადგილსამყოფელი და მათი სასამართლოში წარდგენის ვადა, სავარაუდოდ, გახანგრძლივდა კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გარეშე....

საპროტესტო აქციის სამივე დღეს, ადამაინის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს წყლის ჭავლის მანქანები, ე. წ. „დაკავების მანქანები“ და გადაიღეს ფოტოები, რომლებზეც შსს-ს თანამშრომლების აღჭურვილობას შორის ნათლად ჩანს არალეტალური იარაღი (რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად).

ამასთან, 16 აპრილის ღამეს და 17 აპრილის ღამის 00:30 საათისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, შსს სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები არაპროპორციული რაოდენობით იყვნენ მობილიზებულნი. " ნათქვამია ანგარიშში. [ვრცლად]