რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა დაიწყო - ადგილზეა პოლიცია
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა დაიწყო - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვაკის პარკიდან დაიძრნენ და მარშით მზიურამდე მიდიან.
რამდენიმე წუთის წინ სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მშვიდობიან მომიტინგეებს სამანქანო გზაზე გადმოსვლისა და ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ.
მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, "ქართული ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ გაერთიანებულმა საზოგადოებამ გზის სავალი ნაწილის დაკავება შეძლო.
როგორც ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, მათი მთავარი გზავნილი ერთადერთია. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ივანიშვილის ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ და მათ ფართომასშტაბიან აქციებს უანონსებენ.
დღეს, ისევე როგორც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვდივართ ქუჩაში, რადგან "ოცნებას" მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა და არა რუსეთი. ეს რუსული კანონი გვაშორებს ევროპას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ოჯახის წევრი. დღევანდელი მსვლელობაც სწორედ ამ მიზნით არის გამართული. სამართალდამცველები რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ არ გვქონდა გზაზე გადმოსვლის საშუალება. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც შევძელით და გადმოვედით. ვცდილობთ, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და დავამარცხოთ რუსული კანონი", - ამბობს აქციის მონაწილე.