ილია II-ს დაკავებაზე ჩემი განცხადება ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს დააბრალა - ბასილ კობახიძე

12.07.21 15:29
ილია II-ს დაკავებაზე ჩემი განცხადება ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს დააბრალა -  ბასილ კობახიძე

თეოლოგი და ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორეს დაკავების მისი მოთხოვნა აქციის მონაწილეებს დააბრალა.

ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ დავუსახელებივარ, მაგრამ ჩემი განცხადება გააჟღერა პატრიარქ ილია მეორის დაკავებაზე პოლიციის მიერ. პრემიერმინისტრმა ჩემი განცხადება გუშინდელ მანიფესტაციაზე გამომსვლელებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს დააბრალა. სინამდვილეში, მხოლოდ მე მოვითხოვე ილია მეორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. ღარიბაშვილი დემაგოგიურად იყენებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტს თავისი შერყეული ძალაუფლების განსამტკიცებლად და მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების დასაშინებლად. ანტიეკლესიურები ხართო, გაჰყვირის ის. პატრიარქი, მოსაყდრე შიო და კიდევ მრავალი სასულიერო პირი მართლაც უნდა დააკავოს პოლიციამ ძალადობის ორგანიზებისათვის, ისევე, როგორც თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იმავე დანაშაულისათვის. ღარიბაშვილს შევახსენებ, ვარდების რევოლუციის დროს პარლამენტში შევარდნაძის სულ უკანასკნელ სიტყვებს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე",  - წერს   კობახიძე.

კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის დაკავება გუშინ, 11 ივლისს მოითხოვა. დღეს კი  მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 11 ივლისს აქციის მონაწილეები პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ.