"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ცოცხალია" - პატრიარქის სამძიმარი ლაშქარავას დედას

12.07.21 16:15
"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ცოცხალია" - პატრიარქის სამძიმარი ლაშქარავას დედას

პატრიარქი ილია მეორე ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, დედას, თინათინ კახიძეს, სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის ტექსტი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

"ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.

ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი.

პატივისცემით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი". - წერია პატრიარქის სამძიმარში.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა,  5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა. მას სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებები მიიღო. რამდენიმე დღეში კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა.