"გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას" - NGO-ები მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე

01.05.24 13:23
"გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას" - NGO-ები მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ - მესამე სექტორი ერთობლივ პრესკონფერენციაზე გუშინდელი მშვიდობიანი აქციის სასტიკად დაშლასთან დაკავშირებით საუბრობენ და აცხადებენ, რომ პოლიციელების მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდა.

NGO-ების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დარბევა საფუძველს იყო მოკლებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავება კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით - არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები"- თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.