"არა რუსულ კანონს" - ახალგაზრდების მსვლელობა ბათუმშიც მიმდინარეობს

01.05.24 21:25
"არა რუსულ კანონს" - ახალგაზრდების მსვლელობა ბათუმშიც მიმდინარეობს

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ზღვისპირა ქალაქშიც იმართება - ორ საათზე მეტია ბათუმში სტუდენტები მსვლელობას მართავენ.

თავდაპირველად, ახალგაზრდები შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და შემდეგ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთანაც გადაინაცვლეს. შვილების თაობამ აჭარის მთავრობის მეთაურის კაბინეტს ალყა შემოარტყა, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე მობილიზებულები არ იყვნენ, შესაბამისად, ახალგაზრდებს წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია.

სტუდენტების მარშს ქუჩაში მყოფი ადამიანები ოვაციებით ხვდებიან და მსვლელობის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის მადლობას უხდიან.

როგორც შვილების თაობა "პირველებთან" საუბრის დროს ამბობს, დღეს საღამოს თბილისისკენ სამი მიკროავტობუსი დაიძვრება, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდება.

მინდა ვთქვა, რომ მთელი გორგილაძის ქუჩა არ მთავრდება. ახალგაზრდები მოდიან და მოდიან. ეს იქნება ხელისუფლების ბოლო. ეს ახალგარზდები დაამთავრებენ ხელისუფლებას. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ და ვიქნებით ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა", - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.