"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქცია ისრაელშიც იმართება
"არა რუსულ ოცნებას", ,"არა რუსულ კანონს", "საქართველოს მომავალი ევროპაშია", - ამ ტრანსფარანტებითა და შეძახილებით თელავივში, საქართველოს საკონსულოსთან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსული კანონი უკან გაიწვიონ და ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენელი დაისაჯოს.
,,არა რუსეთს, არა დიქტატურასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ვთვლით რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამას ხელს ვერც ბიძინა ივანიშვილი შეუშლის და ვერც რუსული კანონი. ვითხოვთ უმოკლეს დროში მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა.რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ხელისუფლებას, წარსულ დროში საქართველოს ვერ დააბრუნებს. წლებია მათი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და უუნარობის შედეგად ემიგრაციაში ვართ უკეთესი მომავლის იმედით, თუმცა როგორც ჩანს მეოცნებეებს ეს არ ადარდებთ და მათი ოცნებაა კიდევ დიდხანს ვიყოთ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.