"დარჩა განცდა, რომ დამიზნებით ესროლეს" - აქციაზე "მთავარი არხის" კიდევ ერთი ოპერატორი დაშავდა

02.05.24 00:53
"დარჩა განცდა, რომ დამიზნებით ესროლეს" - აქციაზე "მთავარი არხის" კიდევ ერთი ოპერატორი დაშავდა

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა - ამჯერად სამედიცინო დახმარებას "მთავარი არხის" ოპერატორს, ლუკა ლავრელაშვილს უტარებენ.

როგორც მასთან მყოფი ჟურნალისტი, ნინო გაზდელიანი ყვება, ოპერატორს დაზიანება ფეხის არეში აღენიშნება. 

გაზდელიანის თქმით, თავდაპირველად, 9 აპრილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. სწორედ ამ მომენტში, ხარისხიანი კადრის გადასაღებად ოპერატორი შემაღლებულ კუთხეში ავიდა, რა დროსაც მისი მიმართულებით რეზინის ტყვია ისროლეს.

ჩვენ ვიყავით 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც არის ყველაზე დიდი დაპირისპირება. პერიოდულად უშვებდნენ გაზის კაფსულებს. სწორედ ამ დროს ავარჩიეთ ისეთი ადგილი, რომ მეტნაკლებად კარგად გადაგვეღო და ამ დროს, თითქოს მართლაც დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ დამიზნებით ესროლეს. თითქოს, დაინახეს, სად იდგა კამერა და ოპერატორი და მოხვდა მუხლში. დიდი ტკივილი ჰქონდა იმ მომენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, კამერა არ დაუდია და გააგრძელა მუშაობა", - ამბობს ნინო გაზდელიანი.