ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - უწყვეტი პროტესტის მე-17 დღე რუსთაველზე (ფოტოამბავი)

02.05.24 03:32
ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - უწყვეტი პროტესტის მე-17 დღე რუსთაველზე (ფოტოამბავი)

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს მოქალაქეები ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ.

ბოლო ორი დღეა ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საღამოს 7-საათიდან გამთენიის 6-საათამდე დგანან.

30 აპრილს, პირველ და ორ მაისს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დღევანდელი აქცია ე.წ. წიწაკის სპრეით, წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბიეს.

მიუხედავად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, დარბევის შემდეგ დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრუნდებოდნენ და რუსულ კანონს არას ეუბნებოდნენ.

პირველ და ორ მაისს გამართულ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. არსებობს კადრები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ასხამენ აქციის მონაწილეებს წიწაკის სპრეის პირდაპირ სახეში. ამავდროულად, "პირველების" კამერის ობიექტივში რეზინის ტყვიებით დაშავებული ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც "ტვ პირველის" კორესპონდენტთან აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები მათი მიმართულებით მიზანმიმართულად ისროდნენ.

მიუხედავად არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ. მეტიც, ისინი ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევენ.