დაშინების მცდელობაა, ყველა უნდა გამოვიდეს! - აქციაზე დაშავებული მომიტინგეს დედა

02.05.24 11:50
დაშინების მცდელობაა, ყველა უნდა გამოვიდეს! - აქციაზე დაშავებული მომიტინგეს დედა

თვალში დაჭრილი მომიტინგეს დედა მომხდარს იხსენებს და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ შვილის მდგომარეობის გამო ძალიან ინერვიულა, თუმცა მაინც ამაყია, რომ მისი შვილი ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს. 

ნიკა დემურიშვილის დედა ხელისუფლების ქმედებებს ახალგაზრდების დაშინების მცდელობად აფასებს. 

წარბი აქვს ძალიან გადახეთქილი, აქვს ჩალურჯება, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. პასკებს ვაცხობდი, თან იქ ვიყავი. აი, ეს რომ დავინახე, თან ჩემი შვილი, შოკში ვიყავი. სულ ის მიკვირს, ან შვილი არ ჰყავთ ან დედა არ ჰყავთ ან მეუღლე არ ჰყავთ? ოჯახში რომ მიდიან, რას ეუბნებიან? ყველა უნდა გამოვიდეს. ჩემი შვილი, მეორე გოგოც იყო აქციაზე, დისშვილიც, ყველანი იყვნენ და მე ამაყვი ვართ ამით, რომ დგანან იქ. დაშინების მცდელობაა, - ამბობს დაშავებული ახალგაზრდის დედა.

უწყვეტი პროტესტის მე-12 ღამეს საქართველოს პარლამენტთან ისევ ანტირუსული შეძახილები ისმოდა. რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინაც 85 ათასზე მეტი მომიტინგე გავიდა. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ამჯერადაც წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და პროტესტის მონაწილეები სასტიკად დაარბია.