გამოიყენა თუ არა შსს-მ აქციაზე რეზინის ტყვიები - დაშავებული მომიტინგეები გომელაურის უწყებას პასუხობენ

02.05.24 13:58
გამოიყენა თუ არა შსს-მ აქციაზე რეზინის ტყვიები - დაშავებული მომიტინგეები გომელაურის უწყებას პასუხობენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყუილშია მხილებული - ვახტანგ გომელაურის უწყებას, რომელიც ამტკიცებს, რომ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია, დაშავებული მომიტინგეები პასუხობენ. არსებობს ფაქტები და მტკიცებულებებიც, რომელიც ადასტურებს, რომ მინიმუმ ათამდე მშვიდობიანი აქციის მონაწილებს რეზინის ტყვიისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეცრაზმელები სამიზნეებს წინასწარ არჩევდნენ და მათ დამიზნებით რეზინის ტყვიებს ესროდნენ. ეს ხდებოდა ახლო მანძილიდან, რაც ასევე კანონდარღვევაა. დაშავებულებს ტყვიები მუცლის, ხელისა და სახის არეში აქვთ მოხვედრილი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ლაზერს ვუმიზნებდი და ამ დროს მომხდა რეზინის ტყვია ხელში. დამიზნებით იყო თუ აუცდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ხელი რომ არ ყოფილიყო იქ სახეში მომხდებოდა. ხელი მქონდა სახეში და ამიტომ გადავრჩი. მეკეთა სათვალეც და პირბადეც, ანუ თვალი ალბათ არ დამიზიანდებოდა. თუმცა, ასევე იყვნენ სხვა მონაწილეები, რომლებსაც თვალშიც მოხვდათ და სხვა ადგილებშიც. ორ ადგილას მაქვს დაზიანება, მუხლში და მაჯასთან. იყვნენ ადამიანები,  რომლებსაც უბრალოდ მიზანში ამოიღებდნენ და ისე ესროდნენ. არ გამიკვირდება თქვან, რომ ერთმანეთს ესროდნენო", - ამბობს აქციის მონაწილე.

გუშინ ღამის 12 საათზე გაამრთულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.

„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ“?! - შეუბრუნა მან კითხვა ჟურნალისტს და დასძინა: „პარლამენტის შესასვლელთან ჩვენ ვიყენებთ წიწაკის სპრეის და ცრემლმდენ გაზს“.