რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პირველ მაისს დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ - 24 საათის ნაცვლად, ახლა მათ 48 საათი მოუწევთ იზოლატორში ყოფნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს 18:00 საათამდე აქვს ვადა, რომ დაკავების ოქმები შეიტანოს და საქალაქო სასამართლოს დაკავებულებისთვის პროცესის ჩანიშვნისთვის მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გომელაურის უწყებას იზოლატორიდან მათი გაშვება მოუწევს.
როგორც უფლებადამცველები ამბობენ, გუშინდელ დღემდე მერაბ მელიქიშვილი დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით კი იურისტებმა ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიაგნეს.
41 წლის კაცის ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ სამართალდამცველებს დაკავებული მთელი დღის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დაჰყავდათ და მისი ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ ავრცელებდნენ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულყოფილად არ აქვეყნებს ინფორმაციას. არ გვაძლევს ადვოკატებს საშუალებას, შევხვდეთ მათ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ ძალიან რთულდება და იწელება შესახლების პროცესი. წინა დღეს დაკავებულების ნაწილი მანქანებში ჰყავდათ გაჩერებული და დილით შეათავსეს იზოლატორში, რამაც მათი ადგილსამყოფლის დადგენა გაართულა. რაც შეეხებათ დაკავებულებს, უმეტესობას 48 საათამდე გაუგრძელეს იზოლატორში მოთავსების ვადა. არც ერთი მათგანი არ არის გადაყვანილი სასამართლოში. ეს უკანონოა და უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება", - ამბობს უფლებადამცველი.