"რეზინის ტყვიებს იყენებენ და თვალებში ნაცარს გვაყრიან" - ახალგაზრდები აღდგომასაც აქციაზე დგომას აანონსებენ

02.05.24 17:37
"რეზინის ტყვიებს იყენებენ და თვალებში ნაცარს გვაყრიან" - ახალგაზრდები აღდგომასაც აქციაზე დგომას აანონსებენ

შვილების თაობა ივანიშვილის ხელისუფლებას ფართომასშტაბიან პროტესტს უანონსებს - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიერ გასროლილი რეზინის ტყვიების შედეგად არაერთი მომიტინგე დაშავდა.

"შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია" - ამბობს აქციის მონაწილე და იქვე ამატებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - "თვალებში ნაცარს გვაყრიან".

ძალიან ეშინიათ ჩვენი. ძალიან ეშინიათ ახალგაზრდების. გუშინ რეზინის ტყვიებსაც იყენებდნენ და შემდეგ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რეზინის ტყვიები არ ჰქონდათ გამოყენებული. გუშინ ჩემი მეგობრები დაჭრეს და პირდაპირ ვხედავდით დასისხლიანებულ ხალხს. თვალში ნაცარს გვაყრიან. ეს პროტესტები გაგრძელდება, ჩვენ არ დავიღლებით", - ამბობს აქციის მონაწილე.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მიუხედავად აღდგომის დღესასწაულისა, მოქალაქეები თბილისში დარჩებიან და დედაქალის მთავარი გამზირიდან რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეტყვიან არას.

კედლებზე გაჩნდა წარწერები, რომ აღდგომას ვხვდებით თბილისში. ეს უბრალოდ არ გაჩენილა. ეს სიტყვები წამოსულია გულიდან. დასვენების დღეები იქნება თუ სამუშაო დღეები, მაინც ყველანი აქ ვიდგებით. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას, სანამ ჩვენი მიზანი გამარჯვებამდე არ მივა", - ამბობს რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქე.