დღეს წითელი პარასკევია
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა. სახარების მიხედვით, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ წითელი პარასკევი იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.
ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა 14:00 საათზე აღევნილება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დღეს, წითელ პარასკევს, მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.