ფიზიკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე - შსს დუმს

03.05.24 12:02
ფიზიკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე - შსს დუმს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ძალადობაში მხილებული, მინიმუმ, ერთი კაცი, ვინც გუშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ქუჩა-ქუჩა დევნიდა და წიხლებით უსწორდებოდა. "პირველების" გუნდმა უკვე დაადგინა ორი მოძალადე მამაკაცის ვინაობა, ვინც ახლა, წესით, მინიმუმ, გამოკითვაზე უნდა იჯდეს. აქციის მონაწილეების ხელშია ვიდეომასალაც, რომელიც არაადამიანურ ძალადობას ასახავს და სადაც ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. საუბარია ჯონდო ურიადმყოფელსა და დავით ჯავახიაზე.

მოქალაქეები ყვებიან, რომ მოძალადები პირები ადგილზე, სადაც აქტივისტები იყვნენ შეკრებილები, უეცრად გამოჩნდნენ და პროტესტის რამდენიმე მონაწილე სასტიკად სცემეს.

დააყენეს მანქანა, გადმოცვივდნენ აგრესიულად, გინებით, რტყმევით ყველა ერთად, ურტყეთ ამათ. მოვიდა დამატებით 3 მანქანა, ეს უფორმო ძაღლები, დაქირავებულები. ურტყეს, ეს არის ამათი სახე. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი. გაერთიანდით, ძმებო! ყველა დადექით ერთად, არ გააბედინოთ არავის, რომ ვინმემ გადაგვიაროს, - ამბობს აციის მონაწილე.   

"პირველები" თავდასხმაშ მონაწილე პირებთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ. ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ მომხდართან დაკავშორებით მოკვლევა.