სირაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სამართალდამცველებზე თავდასხმაში ადანაშაულებს - ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ გუშინდელი აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით წიწაკის სპრეი გაუშვეს.
"მომხდართან დაკავშირებით, ჩვენი უფლებამოსილება გამოვიყენეთ" - ამბობს სირაძე და იქვე ამატებს, რომ პოლიციელებმა რამდენიმე პირს ხელბორკილები დაადეს.
ვაჟა სირაძე ირწმუნებია, რომ გუშინ გმირთა მოედანზე ადამიანებმა გზა ხელოვნურად გადაკეტეს, რის გამოც შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირების მოხდენა უჭირდათ.
შესაბამისი ორგანოები ყველაფერს დაადგენენ. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი. თუ კანონდარღვევა იყო, ან გადაცდომა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. გუშინ, გმირთა მოედანზე პირადად მეც ვიყავი. ახალგაზრდებს, სადაც გაუსწორდნენ, თქვენ კარგად დაინახეთ.... ქვეყანაში ათასი ფაქტი ხდება, ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ადგილზე იყოს პატრული ან პოლიციელი.
ქალაქის მასშტაბით, ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, გმირთა მოედანზე, როდესაც ადამიანები ხელოვნურად კეტავენ გზებს, ცოტა რთულია როგორც პოლიციამ, ისე სხვა სამსახურებმა იმოქმედონ სწრაფად, მყისიერი რეაგირება მოახდინონ. გზები იყო გადაკეტილი და პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო სამსახურები შესაძლებლობის ფარგლებში მიდიოდნენ იმ დროის ფარგლებში, რაც ჰქონდათ.
ხშირად მიწევს ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაშვებული იყო გარკვეული სახის გაზი - კონკრეტული ფაქტები მაქვს.
ასევე, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ჩვენი უფლებამოსილება გამოვიყენეთ და დაკავებულია რამდენიმე პირი",-აღნიშნა სირაძემ.