ზონდერები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, MONA.GE-ის სიაში მოხვდნენ

03.05.24 20:28
ზონდერები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, MONA.GE-ის სიაში მოხვდნენ

MONA.GE-ის სია განახლდა - ჩამონათვალში შეიყვანეს ის ზონდერები, რომლებმაც გუშინ აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს.

პლატფორმა განმარტავს, რომ შავ სიაში შეყვანილ მოძალადეთა შორის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც თბილისის მერიისგან ყოველთვიურად ფინანსურ ანაზღაურებას იღებენ.

MONA.GE წერს, რომ გიორგი უბილავა ის კონკრეტული პირია, რომელიც კორცხელის თავდასხმაშიც მონაწილეობდა, რა დროსაც დაქირავებულმა ზონდერებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყვეს.

2 მაისს შეშინებულმა და უმწეო ხელისუფლებამ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო. "ოცნების" დაქირავებული კრიმინალური,  მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მათ შორის ადამიანებს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. 

მოძალადეთა შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები. ზონდერ ჯგუფების ამოცანა იყო მოულოდნელი ფიზიკური ანგარიშსწორების გზით საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაშინება. 

ზონდერ დაჯგუფების წევრებს შორის არიან გიორგი უბილავა და დავით ჯავახია, რომლებიც თბილისის მერიისგან ჯილდოს სახით ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ ანაზღაურებას. გიორგი უბილავა კორცხელის თავდასხმაშიც მონაწილეობდა, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს დაქირავებული ზონდერ დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ" - წერია განცხადებაში.

მთავრობისგან წახალისებული ძალადობა თბილისის ქუჩებში. შს სამინისტრო ახალგაზრდებზე თავდამსხმელებს არ აკავებს. იდენტიფიცირებულია 10-ზე მეტი მოძალადე, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. არსებობს პირდაპირი მტკიცებულება - ვიდეო კადრები, ფოტოები, არსებობენ ნაცემი ადამიანები, რომლებიც თავდასხმის სერიებს დეტალურად იხსენებენ, მაგრამ გომელაურის უწყება ამ დრომდე უმოქმედოა.

სადამსჯელო რაზმის წევრებს ხელფასს თბილისის მერია უხდის. ირკვევა, რომ რამდენიმე ზონდერი, რომლებიც გუშინ ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ, მერიაში, მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეები არიან და ყოველთვიურად თბილისის ბიუჯეტიდან 500 ლარს იღებენ. ამავე ჯგუფის წევრები არიან კორცხელის ცნობილი რაზმის წევრები. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა, აჩენს ეჭვს, რომ სადამსჯელო რაზმები შვილების თაობის წინააღმდეგ ქუჩაში ხელისუფლებამ გაუშვა.