"შეწყვიტეთ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება" - Amnesty International

03.05.24 21:25
"შეწყვიტეთ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება" - Amnesty International

არაპროპორციული ძალის გამოყენება და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა - "Amnesty International" საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია განმარტავს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სამართალდამცველები შეკრების თავისუფლებაში უხეშად ჩაერივნენ.

"Amnesty International" მკაცრად მოითხოვს, რომ "ეჭვმიტანილმა სახელმწიფო მოხელეებმა მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე პასუხი აგონ" და თითოეული უკანონო ფაქტი გამოიძიონ.

პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ეჭვმიტანილი სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე.

ორგანიზაცია საეჭვოდ მიიჩნევს 15 და 16 აპრილის აქციებზე მოქალაქეების დაკავების საჭიროებას და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ დღეებში მედიის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო დაზიანება.
 
ქიმიური გამაღიზიანებლების [ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის] და წყლის ჭავლის ერთდროულად გამოყენების საჭიროება 30 აპრილს ბუნდოვანია - ეს პრაქტიკა განსაკუთრებით დაუშვებელია მაშინ, თუ პოლიცია ამ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე იყენებს.
 
მოქალაქეების დევნა, ცემა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორე განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საფრთხეს არ წარმოადგნენე, დაუშვებელია. ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ქალების ცემას, არასრულწლოვანების დაკავებას და სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეების ჯგუფურად, ხელკეტით ცემის ფაქტებს.
 
სამართალდამცველების გარდა სხვა პირების ჩართვა მოქალაქეების დარბევის პროცესში.
 
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ადგილსამყოფელის ბუნდოვანება, დაშავებული დაკავებულებისთვის სამედიცინო სერვისების შეფერხებით გაწევა და შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციაზე.
 
დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის მაქსიმალური ვადის, 48 საათის გამოყენება დასაბუთების გარეშე.
 
ლეტალური იარაღის გამოყენებისას სიფრთხილის ზონებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობა. კერძოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მკაფიოდ ძალადობრივი ვითარებაა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ასევე, ცრემლსადენი გაზისა ჭურვები და რეზინის ტყვიები არ შეიძლება იქნას დამიზნებული თავის, სხეულის ზედა ან საზარდულის მიდამოებში" - ვკითხულობთ განცხადებაში.