ე.წ. სიკვდილის ბრიგადები და დაუსჯელი ზონდერები - შსს ამ დრომდე დუმს
ე.წ. სიკვდილის ბრიგადები და დაუსჯელი ზონდერები - ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში "პირველებს" გამომძიებლები უდასტურებენ, რომ მოძალადეების დასასჯელად გამოძიება წინ არ მიდის.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებია და არც ის დაუდგენია, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
მეტიც, სამართალდამცველები "პირველებთან" ამბობენ, რომ არ იციან, თუ რა დანაშაულზეა საუბარი და რასთან აქვთ რეალურად საქმე.
არავინ დაგვიკავებია. რაზე მეკითხებით არ ვიცი. პრესცენტრს მიმართეთ და გაგცემენ პასუხს. არ ვარ საქმის კურსში. ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს სამართალდამცველი.
მთავრობისგან წახალისებული ძალადობა თბილისის ქუჩებში. შს სამინისტრო ახალგაზრდებზე თავდამსხმელებს არ აკავებს. იდენტიფიცირებულია 10-ზე მეტი მოძალადე, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. არსებობს პირდაპირი მტკიცებულება - ვიდეო კადრები, ფოტოები, არსებობენ ნაცემი ადამიანები, რომლებიც თავდასხმის სერიებს დეტალურად იხსენებენ, მაგრამ გომელაურის უწყება ამ დრომდე უმოქმედოა.
სადამსჯელო რაზმის წევრებს ხელფასს თბილისის მერია უხდის. ირკვევა, რომ რამდენიმე ზონდერი, რომლებიც გუშინ ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ, მერიაში, მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეები არიან და ყოველთვიურად თბილისის ბიუჯეტიდან 500 ლარს იღებენ. ამავე ჯგუფის წევრები არიან კორცხელის ცნობილი რაზმის წევრები. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა, აჩენს ეჭვს, რომ სადამსჯელო რაზმები შვილების თაობის წინააღმდეგ ქუჩაში ხელისუფლებამ გაუშვა.