დასტურდება ფაქტები, როდესაც დაკავებულებს ტელეფონებს პოლიციის მანქანაში ართმევენ და ამოწმებენ - ადვოკატი

04.05.24 16:04
დასტურდება ფაქტები, როდესაც დაკავებულებს ტელეფონებს პოლიციის მანქანაში ართმევენ და ამოწმებენ - ადვოკატი

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები სამართალდამცველებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელბორკილებს მდუმარე მდგომარეობაში ადებენ, რის შემდეგაც ადმინისტრაციული დაკავების აქტს უფლებების განმარტების გარეშე უფორმებენ.

როგორც უფლებადამცველები იტყობინებიან, სამართალდამცავები დაკავებულებს კუთვნილ ტელეფონს მანქანაშივე ართმევენ - "წართმეულ ტელეფონს პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს აწოდებენ, რომელიც მობილურს უკანონოდ ამოწმებს".

იურისტები "პირველებთან" იმასაც ამბობენ, რომ პრობლემატური საკითხია დაკავებულებისთვის ფოტოების უკანონოდ გადაღებაც. მეტიც, მათი თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გადაღებულ ფოტოებს ჩათებში აგზავნიან.

დაკავებულების უმრავლესობა უთითებს, რომ უფლებების განმარტება არ ხდება. მდუმარე მდგომარეობაში აკავებენ ამ ადამიანებს, შემდეგ ხელბორკილებს ადებენ და უფორმებენ გარკვეულ ადმინისტრაციული დაკავების აქტს. რამდენიმე შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ ტელეფონის ჩამორთმევა მოხდა მანქანაშივე, რის შემდეგაც ერთ-ერთ თანამშრომელს აწოდებენ და ის ამოწმებს ტელეფონს. შემდეგ უკვე ოფიციალურად ხდება ტელეფონის ჩამორთმევა ჩხრეკის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ შენობაში, თუმცა ამ ადამიანებს ავტომობილშიც ართმევენ ტელეფონს. ასევე პრობლემურია, რომ სანამ მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ შენობაში გადმოყვანა, მათი ნების საწინააღმდეგოდ უღებენ ფოტოებს და აგზავნიან ე.წ. ჩათებში. ასეთ გარემოებებზე საუბრობენ დაკავებულები", - ამბობს იურისტი.