დოკუმენტური კადრები: სპეცრაზმელების საციხო საქმეები
სპეცრაზმელების საციხო საქმეები - "შაბათის ეთერი" იმ ვიდეო-კადრების ჩვენებას იწყებს, რომელიც "ტვ პირველის" რეპორტიორებმა მოვლენათა ეპიცენტრში გადაიღეს.
საპნის ბუშტებითა და სიმღერით, "შინ ევროპისკენ" მიმავალი თაობა, რუსული ყაიდის მმართველმა, 30 აპრილს სამაგალითოდ დასაჯა.
აქციის მონაწილეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამისთვის დღეც და თარიღიც საგანგებოდ შეარჩია. რეგიონებიდან, იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეების არშემდგარი აქციის შემდეგ, ქვეყნის რეალურმა მმართველმა, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ სვლა ევროპისკენ, წიწაკის სპრეით, მომწამლავი აირითა და რეზინის ტყვიებით შეეჩერებინა.
30 აპრილს, შაბათის ეთერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კი კარგად ჩანს, გომელაურის პოლიციელები, დასასჯელ სამიზნეს ჯერ როგორ უღებენ ვიდეოს, შემდეგ როგორ აგინებენ და უანონსებენ შურისძიებას.
ეს მხოლოდ ერთი ან ორი შემთხვევა არ არის. დიქტატორის ხელწერით, ახალგაზრდების განსაკუთრებული სისასტიკით დასჯა, აპრილის აქციების მთავარ სიმბოლოდ უკვე იქცა.