"პოლიციელები ოქმებს "შპარგალკებით" ადგენენ" - გმირთა მოედანზე დაკავებული ლაშა ჯიოშვილი

05.05.24 13:33
"პოლიციელები ოქმებს "შპარგალკებით" ადგენენ" - გმირთა მოედანზე დაკავებული ლაშა ჯიოშვილი

გმირთა მოედანზე დაკავებული ლაშა ჯიოშვილი თავისუფალია. გორელი სამოქალაქო აქტივისტი იზოლატორიდან აღდგომის ღამეს გამოუშვეს. ჯიოშვილი პოლიციის მაღალჩნოსნებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. არ არის გამორიცხული, აქტივისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებში იჩივლოს, რადგან როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აცხადებს, მას გმირთა მოედანზე კანონი არ დაურღვევია.

პირდაპირ ეთერში ჩანს ჩემი დაკავება და კარგად ჩანს, რომ მე არავისთვის იქ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თავიდან ბოლომდე ტყულია ის, რაც იქ წერია და ლაშა ჯოხაძემ გასცა უკანონო ბრძანება, რომლის უკანაც იდგა გოგა მემანიშვილი. ოთხნი იყვნენ, ჩამავლეს და როგორც სჩვევიათ, ომონის წესებით, მიმარბენინებდნენ და გზაში ვეუბნებოდი, სანამ მანქანასთან მიმიყვანდნენ, რომ ჩემი ნებით მოგყვებით-თქო და არ არის საჭირო ეს ფხოჭიალი და სისულელეების კეთება. მიმიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში კახეთის გზატკეცილზე, სადაც სრული მარაზმი ხდება, სადაც პოლიციის თანამშრომლებს „შპარგალკები“ უჭირავთ და ამ „შპარგალკების“ მიხედვით ადგენენ დაკავების ოქმებს. 6 დაკავებული მიგვიყვანეს ერთად, 6-ვეს ერთი ერთში, სახელები და გვარებია შეცვლილი მარტო, ტექსტში წერია ერთიდა იგივე, რომ ვაგინებდით, სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდით, არ დავემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ვკეტავდით საავტომობილო გზას. რა თქმა უნდა, დაკავების ოქმზე არ მომიწერია ხელი და ვაპირებ, რომ ბოლომდე გავაგრძელო ბრძოლა, - ამბობს ლაშა ჯიოშვილი.