რატომ არ ინტერესდება კაციტაძის უწყება ხაბეიშვილის ჩვენებით და აფარებს თუ არა საგამოძიებო ორგანო მოძალადე სპეცრაზმელებს ხელს
რატომ არ ინტერესდება კაციტაძის უწყება ლევან ხაბეიშვილის ჩვენებით და აფარებს თუ არა საგამოძიებო ორგანო მოძალადე სპეცრაზმელებს ხელს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გამოუკითხავს "ხარებას" სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
ოლიგარქის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი პოლიტიკოსის ადვოკატს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს, ამიტომ საქმეზე მტკიცებულებების მოკვლევა დამოუკიდებლად დაიწყო.
უფლებადამცველის განმარტებით, არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან სამართალდამცველები ხაბეიშვილს.
მტკიცებულებათა შორის შაბათის ეთერის მიერ გადაღებული კადრებია, რომლითაც ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია. როგორც ადვოკატი განმარტავს, კადრებში ის სანომრე ნიშნები ჩანს, რომელიც სპეცრაზმელებს სპეციალურ ეკიპირებაზე აქვთ დატანილი.
ლევან ხაბეიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად დანაშაულის თანამონაწილეა პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი, რომელიც მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელების დროს ადგილზე იმყოფებოდა.
ლევან ხაბეიშვილი შერჩეული იქნა სპეციალურ სამიზნედ. ლევან ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ ძალადობა უშუალოდ დააორგანიზა, ახორციელებდა და ამ ძალადობის უშუალო განმხორციელებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი. ამ ძალადობას ესწრებოდა ასევე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი. ჩაწერა ხორციელდებოდა, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ დასჯის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ სწორედაც შინაგან საქმეთა მინისტრისათვის. ჩვენ გამოძიების იმედზე არ ვართ. დამოუკიდებლად, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ვაწარმოებთ მტკიცებულებების შეგროვებას ამ საქმეზე. გამოძიების გაჭიანურება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არ შეიკრიბოს საქმეზე ის მტკიცებულებები, რომელიც მნიშვნელოვანი გახდება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. 30 აპრილს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილიც არის.